Tenders.ge
ელკანა

ტენდერი პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური დავალების მომზადებაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა:

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ,,ელკანა’’ აცხადებს ტენდერს პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური დავალების მომზადებაზე.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ,,ელკანა’’, დაარსდა 1994 წელს. მისი მიზანია საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და გარემოს დაცვა მდგრადი ბიომეურნეობების განვითარებისა და სოფლად მოსახლეობის თვითაქტივობის გაზრდის გზით.

ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი სფეროებია:

  • კონსულტაციები და ტრენინგები მდგრადი ბიოაგროწარმოების დარგში;
  • აგრარული მრავალფეროვნების კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება;
  • ბიო და სამართლიანი ვაჭრობის სფეროებში, ფერმერთა ჯგუფური სერტიფიცირების შიდა კონტროლის/მართვის სისტემების (ICS/IMS) დანერგვა;
  • ბიოფერმერების, ფერმერთა ჯგუფების ბიზნესსაქმიანობის ხელშეწყობა;
  • ადგილობრივი პროდუქტების განვითარება და პოპულარიზაცია საქართველოს და საერთაშორისო ბაზრებზე;
  • სოფლად ტურიზმის, ტრადიციული პროდუქტების წარმოებისა და მეღვინეობის ხელშეწყობა;
  • ბიომეურნეობის, ტრადიციული ჯიშებისა და ბიოპროდუქციის პოპულარიზაცია ფართო საზოგადოებაში;
  • ფერმერთა უფლებების დაცვა.

ორგანიზაციამ მუშაობა 9 წევრი ფერმერის მომსახურებით დაიწყო 1994 წელს, თანდათან გაფართოვდა და ამჟამად, დაახლოებით 2000 საოჯახო მეურნეობას და 50-ზე მეტ აგრარულ კოოპერატივს/სოფლის მცირე საწარმოს აერთიანებს მთელს საქართველოში.

საქმიანობის მასშტაბის, ინტენსივობისა და გეოგრაფიული არეალის გაფართოებისა და შესაბამისად, ბენეფიციარების რაოდენობის სწრაფი მატების გამო, ელკანას ესაჭიროებაუნივერსალური ელექტრონული საშუალება, რომელიც ამ საქმიანობათა განხორციელებისას შექმნილი და დაგროვილი უხვი და მრავალფეროვანი მონაცემებისა და ინფორმაციის ეფექტური მართვისა და გამოყენების საშუალებას მისცემს.

ელკანა ფიქრობს, რომ შექმნას კომპლექსური, დისტანციურად მართვადი შიდა პროგრამული სისტემა, (შემდგომში - ელკანას მართვის საინფორმაციო სისტემა ან EMIS), რომელმაც უნდა უზრუნველჰყოს:

  • ბენეფიციარი ფერმერებისა და ბიზნესსუბიექტების, მათი მეურნეობების, საოჯახო ეკონომიკისა და ბიზნესოპერაციების შესახებ არსებული მრავლობითი, GPS-თან დაკავშირებული მონაცემების შეტანა, მოწესრიგება და იოლი გამოყენება.
  • შიდა კონტროლის/მართვის სისტემის (ICS/IMS) ოპერაციების ორგანიზება ჯგუფური სერტიფიცირებისათვის.
  • ფერმერებისა და/ან ბიზნესსუბიექტებისათვის გაწეული აგრო, მარკეტინგული და ბიზნეს კონსულტაციების შესახებ მრავლობითი მონაცემების შეტანა, მოწესრიგება, და ადვილი გამოყენება.

ამოცანები
ელკანას სურვილია, რომ EMIS-ის შემუშავების პირველ ფაზაში ხელშეკრულება დადოს კვალიფიციურ მომწოდებელთან, რომელსაც გააჩნია მომხმარებლის საჭიროებების თვალსაჩინო ინსტრუქციებად გარდაქმნის სათანადო გამოცდილება და რომელიც შეძლებს ზემოთ აღნიშნული პროგრამისათვის საჭირო ტექნიკური დავალების ყოვლისმომცველი დოკუმენტის შემუშავებას.

მოთხოვნები ტექნიკური დავალების მიმართ
ტექნიკური დავალების დოკუმენტი უნდა დაიწეროს ქართულ ენაზე, Word-ის ან მსგავსი პოპულარული პროგრამის ფორმატში, რათა მისი გამოყენება და შემდგომი რევიზია ადვილად იყოს შესაძლებელი. ის უნდა შეიცავდეს მონაცემთა ბაზის სისტემის სტრუქტურას (მ. შ. იერარქიას) და სათანადო თანმიმდევრობით დალაგებულ მათ თითოეულ კომპონენტს, ერთეულსა და ელემენტს მათი ფუნქციების თხრობითი და დეტალური ახსნა-განმარტებით. ვიზუალური ნაწილი უნდა იყოს იოლად გასაგები და შეიცავდეს მომხმარებლის ინტერფეისის შემადგენელი ფორმებისა და გვერდების გრაფიკულ დიზაინს, რომელიც ინტეგრირებადი უნდა იყოს მომავალ EMIS-ის სისტემაში. დოკუმენტის სტრუქტურის პირველადი ვერსია, რომელიც შემდგომში დაიხვეწება, უნდა შეიცავდეს შემდეგს:

  • ზოგადი აღწერა (სისტემა, პროგრამირების ენა, კოდები, აპარატურული უზრუნველყოფა, მეხსიერება, ადგილმდებარეობა, ინტერფეისი, ოპერაციები, ფუნქციების ერთობლიობა, მომხმარებლის მახასიათებლები).
  • მონაცემების გამოყენება და ოპერაციული შეზღუდვები.
  • კონკრეტული მოთხოვნები (დეტალური ფუნქციები, სისტემის მუშაობასთან დაკავშირებული მოთხოვნები, მონაცემთა ბაზასთან დაკავშირებული ლოგიკური მოთხოვნებიდაპროექტებასთან დაკავშირებული შეზღუდვები, პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის ატრიბუტები, სპეციფიკური მოთხოვნების ორგანიზება).

დოკუმენტის საბოლოო ვერსია წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ელექტრონული, ასევე ამობეჭდილი სახით.

დოკუმენტის შემუშავების ეტაპები

1-ლი ეტაპი (4 კვირა) – EMIS-ის არქიტექტურის, ტექნიკური დავალების დოკუმენტის საბოლოო სტრუქტურისა და შინაარსის შემუშავება

  • საწყის ეტაპზე, შერჩეულმა მომწოდებელმა ინტენსიურად უნდა იმუშაოს ელკანას გუნდთან სამუშაო შეხვედრების ფორმატში, სადაც ის ჩაიწერს მომავალი სისტემის მიმართ ელკანას მიერ წაყენებულ მოთხოვნებს და იმავდროულად წარმოადგენს რჩევებს, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება და ტექნიკურ ენაზე გრაფიკების სახით დოკუმენტირება. ეს მოთხოვნები ჩამოყალიბდება ზეპირად, და, საჭიროებისამებრ, შეივსება დოკუმენტური ინფორმაციითა და განმარტებებით ელკანას მხრიდან.
  • შემდეგ, მომწოდებელმა უნდა შეიმუშავოს ტექნიკური დავალების დოკუმენტის პირველი სამუშაო ვერსია, რომელიც უნდა შეიცავდეს როგორც ტექსტს, ისე მომავალი მომხმარებლის ინტერფეისის შემადგენელი ფორმებისა და გვერდების გრაფიკულ დიზაინს.
  • ტექსტსა და ესკიზებზე ელკანას კომენტარების გათვალისწინებისა და ელკანას მიერ ტექნიკური დავალების მეორე სამუშაო ვერსიის დამტკიცების შემდეგ, მომწოდებელი მოამზადებს 3-4-გვერდიან ტექნიკურ აღწერილობას EMIS-ის განვითარების შესახებ, რომელსაც ელკანა გამოიყენებს EMIS-ის შემუშავებასთან დაკავშირებით კონკურსის გამოსაცხადებლად.
  • როდესაც ელკანა ჩათვლის, რომ ტექნიკური აღწერილობა მისაღებია, მომწოდებელი გადადის მეორე ეტაპზე.

მე-2 ეტაპი (4 კვირა) - ტექნიკური დავალების სრული დოკუმენტის შემუშავება, გრაფიკული ელემენტების ჩათვლით

  • მეორე ეტაპზე, მომწოდებელი მოამზადებს ტექნიკური დავალების მესამე სამუშაო ვერსიას, რომელიც არსებითად წარმოადგენს მეორე სამუშაო ვერსიას, რომელსაც დამატებული აქვს სურათები და გრაფიკული ელემენტები.
  • ელკანას კომენტარების გათვალისწინების შემდეგ მომწოდებელი გადავა დოკუმენტის შემუშავების დასრულებაზე.

მოთხოვნები მომწოდებლის მიმართ

  • იხ. დანართი 1

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო დოკუმენტაცია მოიცავს შევსებულ და ხელმოწერილ 1-ელ დანართს (pdf ფორმატში), რომელსაც უნდა დაერთოს დავალების შესრულებაში ჩართული პერსონალის CV-ები (ორივე - ქართულ ენაზე).
  • განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 26.04.2018, 18:00.
  • სატენდერო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონული ფორმით, მისამართზე: pr@elkana.org.ge .
  • ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ - მიმწოდებლის განაცხადი პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური დავალების მომზადებაზე.  

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ელენე შატბერაშვილი, პროექტის მენეჯერი, ტელ: (+995 32) 328321, ელ-ფოსტა: pr@elkana.org.ge .

ხელშეკრულების დადება და ანაზღაურება
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, წინასწარ შერჩეული მომწოდებლები შეიძლება მოწვეულ იქნან გასაუბრებაზე.
გადაწყვეტილების მიღება მოხდება კომპანიისა და მის მიერ შემოთავაზებული პერსონალის გამოცდილების, ასევე კომპანიის ფინანსური განაცხადის გათვალისწინებით.
ელკანა იტოვებს უფლებას, ტენდერში არ შეარჩიოს არცერთი მომწოდებელი.
წინასწარ შერჩეულ მომწოდებლებს შეიძლება მოვთხოვოთ შემდეგი დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა: ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ ქონის შესახებ და ბოლო 3 წლის ფინანსური ბრუნვის საბანკო ამონაწერი.
ანაზღაურების პირობები განისაზღვრება წინასწარ შერჩეულ მომწოდებლებთან მოლაპარაკების საფუძველზე.

ტენდერის კატეგორია:

  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 48100000 პროგრამული უზრუნველყოფის სამრეწველო პაკეტები